English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ტარიელ ლომია
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და მართვისსისტემის პრეისტორია

რეზიუმე: დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისთვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არამარტო შიმშილს და სიღარიბეს, არამედ გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და საკვები სჭირდება. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.

საკვანძო სიტყვები:გარემოს დაცვა, გარემოს დაზიანება, ეკოლოგიური წონასწორობა, სანიტარული კრიზისი,ნარჩენების მართვის სისტემა. 

შესავალი

საზოგადოების განვითარებასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა ნარჩენების გამოყოფა ბუნებრივ გარემოში, რამაც XXI საუკუნეში მზარდი ხასიათი მიიღო და მნიშვნელოვნად გაამწვავა ადამიანსა და ბუნებას შორის წარმოქმნილი პრობლემები. ნარჩენები შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო, სამშენებლო, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და ა.შ. მათ რიცხვს განეკუთვნება პლასტმასი, მეტალი, ქაღალდი, ლითონი და ყველა იმ ტიპის ნივთიერება, რომელსაც ადამიანი დროთა განმავლობაში მოიხმარს სახლებსა თუ სამუშაო გარემოში. თვისებების მიხედვით გამოყოფენ მუნიციპალურ, სახიფათო, ინერტულ და თხევად ნარჩენებს. განსაკუთრებით სარისკოა სახიფათო ნარჩენები, რომელიც პოტენციურად რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებას. იგი ხასიათდება მომწამვლელი, აალებადი, ეკოტოქსიკური და სხვა მსგავსი თვისებებით.

                ...

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე პოზიტიური ზემოქმედება.

გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როდესაც ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს.

ანტიკურ პერიოდში საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირითადად რეგიონულად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბით ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.

გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონული შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის (ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამვლელი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები, ხმაური და ა.შ.

გარემოს დაბინძურებას ადგილი აქვს არამარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ აგრეთვე გარემოს საყოფაცხოვრებო პორობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით (მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის არამომჭირნედ გამოყენებით.

ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე, როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა [4].

საუკუნეების მანძილზე მიმდინარე არარაციონალური ბუნებათსარგებლობა ცვლის ბუნებრივი რესურსების მთელ კომპლექსს, იწვევს ბუნებრივი რესურსების დაშრეტას, გარემოს გაჭუჭყიანებას და ბუნებრივი სისტემის ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევას. გარემოს დეგრადაცია შესაძლებელია გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით - ტყეების განადგურება, გაუდაბნოება, გარემოს დაბინძურება, სახეობათა გადაშენება. ყველაზე მეტად გარემოს დეგრადაციით გამოწვეულმა პრობლემებმა თავი იჩინა ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, განსაკუთრებით XX საუკუნის 50-70-იან წლებში.

1952-56 წლებში ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვების შედეგად წარმოქმნილმა ლონდონის „შხამიანმა სმოგმა“ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იგივე პრობლემამ თავი იჩინა ლოს-ანჟელესში, ჩიკაგოსა და ტოკიოში.

1945-62 წლებში აშშ-ში გამოიცა რაჩელ კარსონის  წიგნი „ჩაკლული გაზაფხული“, სადაც დეტალურად აღწერილი და დასაბუთებულია 1945 წლიდან მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პესტიციდის - შხამქიმიკატ „დდტ“-ის (იგივეა რაც „დუსტი“) გამოყენების საშინელი შედეგები: მთელი სახეობების გაქრობა, გენეტიკური ცვლილებები და სიმსივნური დაავადებები ადამიანებში და სხვა. წიგნს დიდი რეზონანსი მოჰყვა არა მარტო ამერიკაში. მსხვილი ბიზნესის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკის მთავრობა საბოლოოდ იძულებული გახდა დდტ-ის მოხმარება აეკრძალა.

1956 წელს „მინამატას დაავადება“ გამოვლინდა იაპონიის ქალაქ მინატამას მიმდებარე სოფლების მაცხოვრებელთა შორის, მოწამვლა გამოიწვია „ნიპონ-ჩისოს“ ქიმიური ქარხნიდან  მდინარეში მოხვედრილმა ვერცხლისწყალმა.

1968 წელს დაავადება „იტაი-იტაი“ (რაც ქართულად „ვაი-ვაი“-ს ნიშნავს) კი გარემოს კადმიუმით დაბინძურების შედეგი იყო. ტყვიისა და თუთიის მომპოვებელი საწარმოებიდან კადმიუმი მდინარეში, შემდეგ კი ბრინჯის ყანების სარწყავად გამოყენებულ წყალში ხვდებოდა.

XX საუკუნის 70-იან წლებში, საზოგადოების მზარდი აღშფოთების ფონზე, გარემოს დაცვა თანდათან ქვეყნის მმართველობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. 1954-56 წლებში იკრძალება „შავი ბოლის წარმომქმნელი“ საწვავის წვა ლონდონში. 1955 წელს აშშ-ში ძალაში შედის ჰაერის დაბინძურების მაკონტროლებელი აქტი, 1970 წელს გარემოს დაცვის აქტი და იქმნება გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტო, ხოლო 1971 წელს იაპონიაში გარემოს დაცვის სამინისტრო. 1972 წლის ივნისში სტოკჰოლმში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე „ადამიანი გარემოს შესახებ“ ხელმოწერილ ცნობილ დეკლარაციაში გაცხადებულია, რომ გარემო ადამიანის კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორია. მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანი და ყველა ქვეყნის მთავრობა ვალდებულია იზრუნოს გარემოზე. გარემოს დეგრადაციის შედეგად ვღებულობთ გარემოსდაცვით პრობლემებს, რომელთა გადაჭრა გონივრული გარემოსდაცვითი ღონისძიებებითაა შესაძლებელი.

გარემოს დაცვა - წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიებების (ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, საგანმანათლებლო, საერთაშორისო) სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას.

გარემოს დაცვის ძირითადი მიზნებია:

  • გარემოს ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება (და ამით ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა);
  • ბუნებრივი რესურსების გონივრული და რაციონალური გამოყენება [თურქაძე, 2016: 51-54].

„მუნიციპალურ ნარჩენებს“ სხვადასხვაგვარად განმარტავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ნარჩენების მართვის ევროპულ სტანდარტზე დაყრდნობით, მუნიციპალური ნარჩენები განიხილება, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომელიც ასევე მოიცავს კომერციულ, საოფისე და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებათა მიერ გამომუშავებულ ნარჩენებს. წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები გროვდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და რეგულირდება ნარჩენების მართვის საყოველთაო სისტემით. ევროკავშირის ნაგავსაყრელთა დირექტივებში მუნიციპალური ნარჩენები განიხილება, როგორც „საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ისევე როგორც სხვა სახის ნარჩენები, რომლებიც მისივე ბუნებითა და შემადგენლობით მსგავსია საყოფაცხოვრებო ნარჩენების“ [Eurostat, 2012]. ტიპური მუნიციპალური ნარჩენების რიცხვს განეკუთვნება საკვები და სამზარეულოს ნარჩენები, მწვანე  ნარჩენები, მინა, ქაღალდი, პლასტმასი და სხვა გადამუშავებადი მასალა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მუნიციპალურ ნარჩენებს განმარტავს, როგორც ნარჩენების სახეობას, რომლებიც გროვდება და მუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ამა თუ იმ კონკრეტულ უბანზე, OECD-ის მიხედვით, მუნიციპალური ნარჩენების რიცხვში შედის საოჯახო თუ სხვადასხვა საოფისე დაწესებულებაში, ეზოში, ბაღსა თუ ქუჩაში განთავსებული ნარჩენები. [OECD, 2013] მუნიციპალური ნარჩენების მართვა როტიჩისა და მისი თანამოაზრეების მიერ განიმარტება, როგორც მსოფლიო მასშტაბით აღიარებული გლობალური სტრატეგია, რომლის მიზანია ნარჩენების პროდუქტიული თავმოყრა, რეციკლირება და ხელახალი გადამუშავება მიმართული გარემოსდაცვითი ხარისხის გაუმჯობესების, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდისაკენ [Rotich…, 2006: 92-100].

საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის“ შესახებ თავი I, მუხლი 3 ნარჩენებს განმარტავს, როგორც ნებისმიერ ნივთიერებას ან ნივთს, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს (საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი, N898) [2]. ხოლო, საქართველოს კანონი თვით მუნიციპალურ ნარჩენებს განმარტავს, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ასევე სხვა სახის ნარჩენებს, რაც თავისი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში კი მუნიციპალური ნარჩენების რიცხვს მიეკუთვნება ყოველდღიური მოხმარების ნივთები, მოშორებული მოსახლეობის მიერ.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ნარჩენები ყოველთვის არსებობდა ბუნებაში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. ცნობილია, რომ ბუნებაში ერთი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ნარჩენი მეორე ორგანიზმისთვის საკვებს და მაშასადამე, ძირითად მაცოცხლებელ ძალას წარმოადგენს. ბუნებაში წარმოქმნილი ნარჩენები შედგება ორგანული მასალისგან და ხასიათდება ე.წ. „ეკოლოგიური ჰარმონიით“.  მაგალითად, მიკროორგანიზმები და ჭიაყელები მკვდარ ცხოველებსა და ფოთლებს გარდაქმნიან ე.წ. ჰუმუსებად, რომელიც თავის მხრივ მცენარეთა საკვებია. გასაკვირი არ არის, თუ რატომ მიიჩნევს მკვლევართა ერთი ნაწილი (მაკდონოუ, ბრონგარტი და ზაკი), რომ ჩვენს ეკოსისტემას აქვს უნიკალური თვისება - გამოუსადეგარი მასალა გადააქციოს უაღრესად გამოსადეგ პროდუქტად, ასე მაგალითად, ხეებიდან დაცვენილი ფოთლები, ლპობის შედეგად გარდაიქმნებიან ნეშომპალად,რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნიადაგის განოყიერებისთვის. [Braungart…, 2007: 1337-1348]. სწორედ მკვებავი ნივთიერებებით გამდიდრებული ნიადაგი უზრუნველყოფს უკეთესი ბუნებრივი გარემოს შექმნას, მცენარეთა და ცხოველთა ზრდა-განვითარებისათვის, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის ჯანსაღ და მრავალფეროვან ეკოსისტემას ბუნებაში [Szaky, 2014].

ნაგვის შეგროვებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ისტორიკოსთა თქმით, ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა 4000 წლის წინ კრეტის დედაქალაქ კნოსოსში, მიიღეს სპეციალური კანონი, რომელიც ბერძენ მოსახლოებას ავალდებულებდა ნაგავი დედაქალაქიდან 1 მილზე მეტ მანძილზე დაშორებულ სპეციალურად გამოყოფილ სანაგვე ტერიტორიაზე გაეტანათ.დაახლოებით 1000 წლის შემდეგ კი ნარჩენებისგან ამოღებული და ხელახლა გამოყენებული იქნა ბრინჯაო. ძველი წელთაღრიცხვით 500 წლისთვის ათენის მთავრობამ პირველი ნაგავსაყრელი ქალაქის ცენტრიდან 1 მილის მოშორებით განათავსა. თანდათანობით ნარჩენების  რაციონალური გამოყენების გზები მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ვინაიდან ბოსტნეულის ნარჩენებს მკვიდრი მოსახლეობა ცხოველების საკვებად იყენებდა, ხოლო მწვანე ნარჩენებს სასუქად [3].

შუა საუკუნეების ეკონომიკურმა, სოციალურმა თუ დემოგრაფიულმა განვითარებამ უმძიმესი მდგომარეობა შექმნა ევროპის კონტინენტზე. ქალაქებისა და სოფლების მიმდებარე ტერიტორიები ნაგვით აივსო [Louis a, 2004: 306-322].

ცნობილია, რომ პარიზში, მაგალითად, ნარჩენების გროვამ თვით გალავნების სიმაღლეს გადააჭარბა. შავი ჭირის ეპიდემიამ კი, რომელიც ანტისანიტარულმა პირობებმა გამოიწვია, 140 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ევროპაში სპეციალური ორგანოების შექმნა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ქუჩებში სისუფთავის უზრუნველყოფისათვის. მათვე დაეკისრათ პასუხისმგებლობა სასმელი წყლის სისუფთავეზე და შემოიღეს ჯარიმის პირველი ფორმებიც.

ე.წ. „დიდი დაბრკოლება“ იყო ცნობილი ინციდენტი, რომელიც გამოიწვია ნარჩენების მართვის გაუმართავმა სისტემამ ინგლისში XIX საუკუნის დასაწყისში. ლონდონი გახდა „სანიტარული კრიზისის“ თვითმხილველი მკვეთრად მზარდიმოსახლეობის, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის, ტერიტორიის უკანონო დანაგვიანებისა და ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფის გამო. აღნიშნული ფაქტორი მჭიდრო კავშირში იყო სამრეწველო რევოლუციის განვითარებასთან. მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ხალხი ლონდონში ჩადიოდა სამუშაოს საძებნელად, ქარხნულმა საქმიანობებმა გამოიწვიეს მდინარე ტემზას მიმდებარე ტერიტორიების დანაგვიანება. ქალაქი კი ვერ აკმაყოფილებდა მზარდი მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარულ ნორმებს. ცუდმა სანიტარულმა სიტუაციამ გამოიწვია ქოლერის გავრცელება ლონდონში, რომელმაც 32000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა [Water Aid, 2015].

ლონდონის მაგალითი გვიჩვენებს, თუ რაოდენ საფრთხეს უქმნის ნარჩენების მართვის გაუმართავი სისტემა ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ქვეყნის ურბანულ ნაწილში, სადაც მოსახლეობა მკვეთრად მზარდია. ზემოთ ხსენებულმა ფაქტმა[1] ღრმად ჩააფიქრა საზოგადოება,  მიეღოთ სათანადო ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის კრიზისი.  ამრიგად, XIX საუკუნის შუა ხანებიდან ძირეული ცვლილებები შეინიშნება ევროპისა თუ ამერიკის წამყვან სახელმწიფოებში პრობლემის პრევენციის გზაზე. პირველი ნაბიჯი აშშ-მა გადადგა, სადაც ქალაქები აქტიურად ჩაებნენ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების საკითხებში [Strasser, 1999].

აღნიშნული სამსახურის შესრულებისას ადგილობრივი მთავრობა მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როგორიცაა, მაგალითად, ნარჩენების შეგროვებისათვის არასაკმარისი ფულადი სახსრები და არაკომპეტენტური  დამსაქმებლები, რომლებმაც ვერ შეძლეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამასთანავე, მოსახლეობის სტაბილურმა ზრდამ XIX საუკუნის მიწურულს ახალი, სხვადასხვა ტიპის ნარჩენების წარმოქმნა გამოიწვია, რომელმაც, თავის მხრივ, გაზარდა მოთხოვნები ერთიანი კომპლექსური მიდგომის ჩამოყალიბებისადმი ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ნარჩენების ხელახალი გადამუშავებისა და მისი რაციონალური გამოყენების შესახებ პირველი დოკუმენტური მასალები იაპონურ  წყაროებში მოიპოვება, რომელიც საზოგადოების შემდგომი განვითარების პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ევროპულმა სახელმწიფოებმა აღნიშნულ ფაქტზე ყურადღება მხოლოდ XVII საუკუნის პირველ სახევარში გაამახვილეს, სწორედ მას შემდეგ, რაც აშშ-ში პირველმა ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც ქაღალდისა და ქსოვილების გადამუშავებაზე იყო ორიენტირებული.

ნარჩენების პირველადი დახარისხების იდეა აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში 1895 წელს გაჩნდა, როდესაც ქალაქის ხელმძღვანელობამ მოუწოდა მოსახლეობას გაეცალკევებინათ ლითონი, ქაღალდი, საკვები, სხვადასხვა სახეობის ქსოვილი მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით. ამრიგად, ორი წლის შემდეგ დაიწყო ფუნქციონირება პირველმა ნაგავგადამამუშავებელმა ქარხანამ [Louis b, 2004: 306-322].

დღეს ჩვენ მუნიციპალური ნარჩენების მასიურ მოცულობას ვხვდებით, რომელსაც ხალხი ყოველდღიურად გამოიმუშავებს. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 11.2 მლრდ ტონა მუნიციპალური ნარჩენები გროვდება, რომელთა ორგანული ნაწილების ლპობა მსოფლიო მასშტაბით არსებული სათბურებიდან გამოყოფილი გაზის დაახლოებით 5% შეადგენს, რაც, თავის მხრივ, აჩქარებს კლიმატის ცვლილებებს [UNEP a, 2011]. კლარკი და მათარუ, ამტკიცებენ, რომ თუ პლანეტა ამჟამად 1.3 GT მუნიციპალურ ნარჩენს გამოიმუშავებს, 2025 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი შესაძლოა 2.2 GT-მდე გაიზარდოს [Clark…, 2013: 66-82]. ხსენებული ფაქტი მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნარჩენების სფეროში არსებული კრიზისის რაციონალურად მოგვარება გარემოსა და ადამიანზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით.ამასთანავე, ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემები პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან. UNEP აკრიტიკებს ნაგავსაყრელების მიმართ გატარებულ პოლიტიკას, რადგანაც სწორედ ნაგავსაყრელი არის ბუნებაში მეთანის წარმოშობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ეს უკანასკნელი კი სათბურის გაზების „GHG“ გამოყოფის უდიდესი წყარო, რომელიც გამოწვეულია ორგანული მასალების ანაერობული დეგრადაციით ნაგავსაყრელებსა და გაუკონტროლებელ სანაგვე ტერიტორიებზე [UNEP b, 2011].

ამრიგად, ნარჩენების მართვა უშუალოდ უკავშირდება გარემოსდაცვით პრობლემებსა და ადამიანის ჯანრთელობას, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ნარჩენების მართვის ხარისხსა და გადამუშავების მექანიზმებთან.

მაშასადამე, ყველა განვითარებული ქვეყანა ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების მართვის მეთოდების უსაფრთხო და ეფექტიანი ბერკეტების შემუშავება და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების სტრატეგიები. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ნორვეგია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოა. ცნობილია, რომ ნორვეგიაში 1951 წლიდან ნარჩენების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა [World Bank, 2015]. შედეგად, ქვეყანამ შეიმუშავა ნარჩენების გადამუშავების სტრატეგიული გეგმა, რომელთაგანაც ერთ-ერთ აუცილებელპირობად განიხილებოდა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ქვეყანაში ნარჩენების საერთო რაოდეობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე. როგორც მითითებულია ნორვეგიის გარემოსდაცვით მოხსენებაში, ქვეყანამ საგრძნობლად გააუმჯობესა ნარჩენების მართვის სტრატეგია, ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით [The Research council of Norway, 2014].

მსოფლიოს მრავალი განვითარებული ქვეყანა მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავების სხვადასხვა მეთოდს იყენებს არა მარტო სახელმწიფოს, არამედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეულ ნაწილში, მოსახლეობა მკაცრად აკრიტიკებს ნარჩენების მართვის წვის მეთოდს, რომელსაც ისინი ხსნიან ჰაერის დაბინძურებით. აშშ-ის ჩრდილო ნაწილში, რომელიც მოსახლეობის მზარდი სიმჭიდროვით გამოირჩევა, ნარჩენების მხოლოდ 40% გადამუშავდება წვის შედეგად. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანებში: შვედეთი, დანია და შვეიცარიაში ნარჩენების დიდი რაოდენობა გადამუშავდება სწორედ მათი წვის შედეგად. აღნიშნულის საპირისპიროდ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ირლანდია, ნარჩენების უმეტესობა ნაგავსაყრელებზე ხვდება მათი შემდგომი რეციკლირების მიზნით.

 დასკვნა

დღეისათვის ევროპულ სახელმწიფოებში ნარჩენების მართვა-დახარისხება, ხოლო შემდგომში მისი რაციონალური გამოყენება საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი. მაგალითად, შვედეთსა და ნორვეგიაში  ნაგავსაყრელების შემცირების მიზნით, ნარჩენებს ჯერ წვავენ, ხოლო წვის შედეგად მიღებული ელექტროენერგიით ქალაქის მოსახლეობას გათბობით უზრუნველყოფენ. თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების დახარისხების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ნარჩენების მეორადი გადამუშავება და იმ ტერიტორიების შემცირება, რომლებიც მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებლად არის გამოყოფილი.

ნარჩენებთან დაკავშირებულ პრობლემას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა საშუალებით ებრძვიან. აგებენ ნაგავგადამამუშავებელ ქარხნებს, იყენებენ ნარჩენებს სასათბურე მეურნეობაში. ბევრ ევროპულ ქვეყანაში კი დაწესებულია ჯარიმები იმ პირთა მიმართ, რომლებიც გარემოს აბინძურებენ განურჩევლად იმისა, თუ რა რაოდენობით ანაგვიანებს კონკრეტული პიროვნება გარემოს.

ნარჩენები ერთგვარი რესურსია, რომელსაც ადამიანები თავიანთ საკეთილდღეოდ იყენებენ. სწორედ ნარჩენების გადამუშავებით არის შესაძლებელი გაზისა და ელექტროენერგიის მოპოვება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ გამოვიყენოთ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთები ჩვენ სასარგებლოდ. ნარჩენების გადამუშავება უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა-განვითარების საკითხში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თურქაძე თ., 2016, სახელმძღვანელო გარემოს დაცვის ტექნიკოსისათვის, თბილისი, გვ. 51-54.
  2. ხელმისაწვდომია - საქართველოს კანონი, ნარჩენების მართვის კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/2676416.
  3. ხელმისაწვდომია - Ancient and medieval solid waste disposal: https://sustainingourworld.com/2011/09/22/the-past-present-and-future-of-solid-waste-disposal/
  4. ხელმისაწვდომია - https://ru.wikipedia.org/wiki/Охрана_природы
  5. Eurostat, 2012, Reference Metadata in Euro SDMX Metadata Structure (ESMS). http://epp. eurostat.ec.europa.eu/cache/ITY_SDDS/EN/env_wasmun_esms.htm. Accessed 11 Jan 2013
  6. OECD, 2013, http://www.grida.no/publications/vg/waste/page/2853.aspx 2013-04-10
  7. Rotich, K. H. et al., 2006, Municipal solid waste management challenges in developing cou tries – Kenyan case study Waste Management, Volume 26, Issue 1, 2006, pp. 92–100
  8. Braungart, M., McDonough, W. and Bollinger, A., 2007, Cradle-to-cradle design: creating healthy emissions–a strategy for eco-effective product and system design. Journal of cleaner production, 15(13-14), pp.1337-1348.
  9. Szaky, T., 2014, Outsmart waste: The modern idea of garbage and how to think our way out of it. Berrett-Koehler Publishers.
  10. Louis, G.E., 2004, A historical context of municipal solid waste management in the United States. Waste management & research, 22(4), pp.306-322.
  11. Water Aid, 2015, ‘Another great stink report.’ URL: http://www.wateraid.org/~ /media/Publi-cations/Another_Great_Stink_report.pdf Retrieved: March 21, 2016.
  12. Strasser, S., 1999, Waste and want: a social history of trash. New York: Metropolitan Books.
  13. UNEP, 2011, ‘Waste: Investing in energy and resource efficiency’. http://web.unep.org/greeneconomy/sites/unep.org.greeneconomy/files/publications/ger/ ger_final_dec_2011/8.0-WAS-Waste.pdf Retrived: 30.May, 2016.
  14. Clark, J., and Matharu, A., 2013, ‘Waste to Wealth using Green Chemistry’, in Waste as Resource, edited Hester, R and Harrison, R. Cambridge: RSC Publishing. pp. 66-82.
  15. The Research Council of Norway, 2014, ‘Ny satsing på miljøforskning’, Retrieved March 21, 2016.
  16. World Bank,  2015, ‘Data: Norway’, http://data.worldbank.org/country/ norway#cp_fin , Retrieved: October 25.


[1]იგულისხმება ლონდონის კრიზისი.